Image

” საოცრად მომინდა, ყველა ქართველი მამაკაცის თვალებში ჩემეხედა და ”სილა გამეწნა!” დღეს, მე მათ, ჩემი პროფილის საშუალებით მივმართავ”

image
loading...

ამ პოსტის დაწერა, ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბრის თვეში გადავწყვიტე, მაგრამ ვიცოდი რომ ბევრს გულს ვატკენდი, დიდი დაპირისპირებაც შემხვდებოდა და ამიტომ შევიკავე თავი მის გამოქვეყნებაზე.
დღეს კი სხვადასხვა გარემოებებით, იმდენად გაბრაზებული და შეწუხებული ვარ, მოურიდებლად ვამბობ სათქმელს.
გამგები გაიგებს!
საბერძნეთის ეკონომიურმა კრიზისმა, ყველა ოჯახზე იმოქმედა. არც ჩემი ოჯახი გახდა გამონაკლისი. სამუშაო შემცირდა, ჩვენი ბიზნესის მომსახურების ფასებმა დაიწია და შესაბამისად შემოსავალმაც იკლო, ყოველდღიური ხარჯი კი გაიზარდა. რომ არა ჩემი გამოცდილება, საქართველოში გამოვლილი გაჭირვება და თავის გადასარჩენად მოფიქრებული უამრავი გამოსავალი, დღეს ჩემს ოჯახს, დიდი რაოდენობის ვალი ექნებოდა. განსაკუთრებულად მძიმე დღეები დეკემბრის თვეში გადავიტანეთ. სწორედ მაშინ ვკითხე ჩემს ბერძენ მეუღლეს:
– სხვა ქვეყანაში ხომ არ წავიდეთთქო…
წინასწარ ვიცოდი რასაც მიპასუხებდა და არც შევმცდარვარ.
– მე, ჩემს ქვეყანას არ დავტოვებ და თუ მართლაც გამოუვალი მდგომარეობა დადგება, შენ არსად არ გაგიშვებ, მე წავალ სამუშაოდო – მკაცრად მიპასუხა.
ეს დიალოგი გახდა იმის მიზეზი რომ კიდევ ერთხელ, ღრმად ჩავფიქრებოდი საქართველოს, ქართველი მამაკაცებისა და ქართველი ემიგრანტი ქალბატონების ყოფას. იმ წუთებში, საოცრად მომინდა, ყველა ქართველი მამაკაცის თვალებში ჩემეხედა და ”სილა გამეწნა!”
დღეს, მე მათ, ჩემი პროფილის საშუალებით მივმართავ:

”- შენ, ქართველო ვაჟკაცო, რა მოიმოქმედე მაშინ, როცა შენი ცოლი, ემიგრაციაში გასამგზავრებელ ბარგს ალაგებდა?!
– შენ, ქართველო ვაჟკაცო, რა გააკეთე მაშინ, როცა შენი 60 წლის დედა, შენივე ოჯახის დასაპურებლად უცხო ქვეყანისკენ გზას ადგებოდა და რას აკეთებ ახლა, როცა ის, უკვე 70 წლისაა, უკანასკნელ ევროსაც ისევ შენ გიგზავნის და საკუთარი ჯანმრთელობისათვის, ექიმთან ერთი ვიზიტიც არ დაუჯავშნავს?
– შენ, ქართველო ვაჟკაცო, რა მოიმოქმედე მაშინ, როცა შენი და, შენი რძალი, შენი დეიდაშვილი თუ ბიძაშვილი, სხვისი შვილების მომვლელად მიდიოდა, შენ კი მის შვილებს იტოვებდი გასაზრდელად?!
– შენ, ქართველო ვაჟკაცო, წლების მანძილზე როგორ ირგებდი იმ ლუკმას, როგორ ატარებდი იმ ტანისამოსს, როგორ მგზავრობდი იმ ავტომობილით, როგორ ცხოვრობდი იმ სახლში, რომელიც შენმა სიდედრმა, შენმა დეიდამ თუ მამიდამ, მოხუცების მოვლაში აღებული ფულით შეგიძინა?!
– შენ, ქართველო ვაჟკაცო, როგორ გრძნობდი თავს მაშინ როცა ”ემიგრაციის ტკივილი” შენს ოჯახს არ ეხებოდა, ”თავი ქუდში გქონდა”, კარგი თანამდებობაც გეჭირა, არ გშიოდა, არ გწყუროდა, შენი ქვეყნიდან კი 1,5 მილიონი ქართველი, უცხო ქვეყნებში იხიზნებოდა და ეს ციფრი, ყოველდღიურად იზრდებოდა?
– შენ, ქართველო ვაჟკაცო, ქვეყნის სიყვარული, მისი დაცვა, ოჯახის ერთგულება და პატრონობა, მამა-პაპისაგან რომ მოგდევს, ქართული ტრადიციები სისხლში რომ გიჩქეფს, რას აკეთებდი მაშინ როცა შენი ქვეყანა და ოჯახი ქალებისაგან იცლებოდა? რას აკეთებდი იმისათვის რომ ისინი უკან დაგებრუნებინა? რას აკეთებ ახლა? როდის აიღებ პასუხისმგებლობას ყოველივე ამაზე? როდის გააკეთებ შენ წილ გასაკეთებელს? როდის ივაჟკაცებ? როდის იქართველებ? როდის, როდის?
ქართველო ვაჟკაცო, მე, ამ კითხვებზე, კარგა ხანია პასუხს არ ველი, მინდა რომ მათმა, შენ დაგაფიქრონ… შენ გაგიღვიონ შენი ქართული სიამაყე, ვაჟკაცური სული…
მე, ნუ მიპასუხებ. შენს დედას, შენს ცოლს, შენს დას, შენს დეიდას უპასუხე. ისინი ელიან შენს პასუხს… ელიან პასუხს არა სიტყვით, არამედ საქმით!
ქართველო ვაჟკაცო, შენი ქართული საქმით უპასუხე!”

dle
Загрузка...
loading...
19-05-2017, 11:31
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...